2012 წლის 20 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (გლუკი) წარმომადგენელმა სიმონე ვოლკენმა მონაწილეობა მიიღეს ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში გორში.
მსოფლიოს ლტოლვილთა დღეს, რომელიც 20 ივნისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატი იხსენებს ამ ქვეყნად ყველაზე დაუცველ 33 მილიონ ადამიანს. საქართველოში ბევრი ასეთი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაცვაზე, მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. მათ უკეთესის იმედი აქვთ.
წელს მსოფლიოს ლტოლვილთა დღესთან დაკავშირებული მთავარი ღონისძიება გორში გაიმართება. ოფიციალური გახსნა კობა სუბელიანის, გიორგი ტატიშვილის, სიმონე ვოლკენის მოკლე გამოსვლებით დაგეგმილია 13:30 - ზე. ადგილობრივი ბავშვები მხატვარ დავით ბაძაღუასთან ერთად მოხატავენ კედელს ახალბაღის პარკში, მთავარი მესიჯით ,,ღირსეული ცხოვრება - ღირსეული დაბრუნების მოლოდინში", სადაც სტუმრების მიიღებენ მონაწილეობას. ამის პარალელურად მოეწყობა ფეხბურთის ჩემპიონატი შიდა ქართლის დევნილთა 9 დასახლებას შორის, ასევე მოეწყობა დევნილთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება დასრულდება ,,ჯეოსტარის" გამარჯვებულის, თიკო ჭულუხიძის და ოთო ნემსაძის კონცერტით, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ მაკა სირბილაძე, თეონა ნიაზაშვილი, გიორგი ნადიბაიძე და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ანსამბლები.
იმავე დღეს შედარებით მცირე ღონისძიება ჩატარდება დუისში, პანკისის ხეობაში, სადაც რუსეთის ფედარაციიდან ჩამოსულ ჩეჩენ ლტოლვილთა უმეტესობა ცხოვრობს. ჩატარდება ჩემპიონატი ბავშვთა ჭიდაობაში (ქართული ჭიდაობა), ჭადრაკსა და ფეხბურთში. ასევე გაიმართება დოღი, ლტოლვილთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
გლუკი საქართველოში 276 000 ადამიანის დაცვას და დახმარებას ახორციელებს, მათ შორის 270 000 დევნილის, დაახლოებით 1,500-მდე დე იურე მოქალაქეობის არ მქონე პირის და მოქალაქეობის არმქონე პირის და 450 ლტოლვილის.