რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიის ოპოზიცია არ გამოხატავს ამ ქვეყნის მთელი ხალხის ინტერესებს.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ სირიელი ხალხის ნაწილს, რომელსაც წარმოადგენს შეიარაღებული ოპოზიცია, სურს პრეზიდენტ ბაშარ ასადის წავლა. მაგრამ ეს არ არის სრულიად სირიის ხალხის მოთხოვნა", - განაცხადა პუტინმა მექსიკაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში.
პუტინის თქმით, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს სისხლისღვრა და მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ იცხოვრებენ მომავალში.
პუტინის განცხადებით, თუ სირიაში ხელისუფლება შეიცვლება ეს უნდა მოხდეს კონსტიტუციური გზით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან სირიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას. მათ მიერ ორჯერ დაიბლოკა გაეროს რეზოლუცია სირიის საკითხთან დაკავშირებით.