ზედიზედ მეორედ მოხდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომ ვერცერთმა მასპინძელმა ქვეყანამ ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო. 2008 წელს ასეთი იაღლიში ავსტრიასა და შვეიცარიას დაემართათ, ახლა კი, პოლონეთს კამპანია უკრაინამაც გაუწია. არადა, პირველ ტურში შვედეთის დამარცხების (2:1) შემდეგ, ოლეგ ბლოხინის შეგირდებს ამბიციები მოეძალათ, მაგრამ ამბიციებს, რომ მონდომებაზე მეტად კლასი სჭირდება, ეს ვეღარ გათვალეს.
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამ მატჩში კარსუკან მდგომმა უნგრელმა არბიტრმა მასპინძლებს აშკარა გოლი არ ჩაუთვალა. ეს 62-ე წუთზე მოხდა, როცა მარკო დევიჩის დარტყმულზე ინგლისელთა კიპერმა რეაგირება კი მოახერხა, მაგრამ მოგერიებული ბურთი კარში წავიდა. აშკარად გამოჩნდა, რომ ვიდრე ჯონ ტერი ბურთს ნახტომში უკან გამოიტანდა, მან კარის ხაზი მთლიანად გადაკვეთა. ჩვენი აზრით, მსაჯმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და უკრაინა დააზარალა.
ამ მომენტამდე კი, ოფიციალურ მატჩში მინდორზე დაბრუნება, უეინ რუნიმ გოლით აღნიშნა. ბრიტანელთაგან კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ტიმოშჩუკმა ერთხელ კი მოიგერია, მაგრამ მისმა კოლეგა ჯერარდმა იგი ისევ დააბრუნა მეკარის ბაქანზე. აქ უკრაინელთა კიპერი შეცდა - ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და ცარიელი კარის შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა „შრეკმა" იგი თავით გაგზავნა მეტოქის კარში - 1:0.
ეს ანგარიში ინგლისელებმა ვიკტორ კაშაის საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნეს და მეოთხედფინალში, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის პირველ ეტაპზე მათი მეტოქე C ჯგუფის მეორეადგილოსანი იტალია იქნება. ეს მატჩი 24 ივნისს კიევში გაიმართება. ამ ჯგუფებიდან გადაჯვარედინებული კიდევ ერთი წყვილი ესპანეთმა და საფრანგეთმა შეადგინეს. ისინი ერთი დღით ადრე დონეცკში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ინგლისი - უკრაინა 1:0 (0:0)
დონეცკი. 19 ივნისი, 2012. „დონბას არენა". 48700 მაყურებელი. 22:45
ინგლისი (4-4-1-1): ჰარტი, ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, ეშლი კოული, მილნერი (უოლკოტი, 70), ჯერარდი, პარკერი, ეშლი იანგი, რუნი (ოკსლეიდ-ჩემბერლენი, 87), უელბეკი (კეროლი, 82).
მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი.
უკრაინა (4-3-1-2): პიატოვი, გუსევი, რაკიცკი, ხაჩერიდი, სელინი, ტიმოშჩუკი, იარმოლენკო, კონოპლიანკა, გარმაში (ნაზარენკო, 78), მილევსკი (ბუტკო, 77), დევიჩი (შევჩენკო, 70).
მთავარი მწვრთნელი: ოლეგ ბლოხინი.
გაფრთხილებები: ტიმოშჩუკი (63), ჯერარდი (73), რაკიცკი (74), კოული (78), შევჩენკო (86).
გოლი: 1:0 რუნი (48).
მსაჯები: ვიკტორ კაშაი; გაბორ ეროში, გეორგ რინგი; იშტვან ვადი, ტამაშ ბოგნარი (ყველა უნგრეთი); ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია).
დარტყმა 7 (3)-14 (3); ჯარიმა 13-12; კუთხური 6-10; თამაშგარე 0-0; ბურთის ფლობა 44%-56%; სეივი 3-5.
1. ინგლისი
3 2 1 0 5:3 7
2. საფრანგეთი
3 1 1 1 3:3 4
3. უკრაინა
3 1 0 2 2:4 3
4. შვედეთი
3 1 0 2 5:5 3