კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 21 ივნისიდან 1 ივლისამდე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე კურსდამთავრებულები, ბრიტანეთში გაემგზავრებიან, რათა მონაწილეობა მიიღონ ფესტივალში, რომელსაც უამრავი პროდიუსერი, აგენტი და კულტურის მენეჯერი დაესწრება.
21 და 22 იანვარს, საქართველოს ბრიტანეთის ნაციონალური სტუდენტური თეტრალური ფესტივალის (National Student Drama Festival) დირექტორი ჰოლი ქენდრიქი და სელექციონერი დევიდ ნიუმანი სტუმრობდნენ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთი სპექტაკლის სანახავად ჩამოვიდნენ საქართველოში - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადიპლომო ნამუშევარი „ჩემი ქალაქი", რომლის რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი გახლავთ. 21 იანვარს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალურად ამ ორი სტუმარისთვის ითამაშეს წინა წლის სადიპლომო სპექტაკლი.
საქართველო და ქართული სტუდენტური თეატრი წარდგება მთელი მსოფლიოს წინაშე. ბრიტანეთის ნაციონალურ სტუდენტურ თეტრალურ ფესტივალს უამრავი პროდიუსერი, კულტურის მენეჯერი და ამ სფეროს აგენტი სტუმრობს, ფესტივალი კი შეფილდში, ამა წლის 21-30 ივნისს გაიმართება.
300-დან შერჩეული 25 სპექტაკლი, სხვა და სხვა ჟანრისაა. ფოლკლორი, მიუზიკლი, ქორეოგრაფიული წარმოდგენები, პანტომიმა, კლასიკური დრამატული თეატრი - ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია.
მსოფლიოს ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ ფესტივალზე 2012 წელს მხოლოდ 4 ევროპული ქვეყანა - გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და საქართველო მოხვდა.
წინა საფესტივალო რეპეტიცია გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 20 ივნისს, 15:00- საათიდან, სასწავლო თეატრის სცენაზე. მის: რუსთაველის გამზ. 19