პარლამენტმა ლაზიკას სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 108 ხმით 1-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ჩაიწერება: ლაზიკის სტატუსი ორგანული კანონით განისაზღვროს. თუმცა, მმართველ გუნდში ვერ აკონკრეტებენ, რა პრინციპებს და მექანიზმებს დაეფუძნება ის ორგანული კანონი, რომლითაც ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებები უნდა განისაზღვროს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეევანდელ პლენარულ სხდომაზე, დებატები გაიმართა.
"ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ საკითხზე მომხსენებელს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძეს მოუწოდა, ჩამოეთვალა ის 5 მექანიზმი, რომელიც ორგანულ კანონში ჩაიწერება.
ძაგნიძის განცხადებით, ლაზიკაში მოქნილი სამართლებრივი და ეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდება. მისი თქმით, მსოფლიოში წარმატებული ახალი ქალაქების აშენების მაგალითები არსებობს. მათ შორისა დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრი.
"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ კი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, პროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდა. იგი ლაზიკისა და იქ იუსტიციის სახლის დაწყებული მშენებლობის ხარჯებით დაინტერესდა.
დეპუტატის კითხვებს ბაქრაძემ ~რიტორიკული~ უწოდა და განმარტა, რომ კონსტიტუციაში იწერება მხოლოდ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით, რაც ბაქრაძის თქმით, ხარჯებთან დაკავშირებული არ არის.
"გირჩევთ, რიტორიკული კითხვების ნაცვლად, კონკრეტული შეკითხვით კონკრეტულ უწყებას მიმართოთ და ამ შემთხვევაში მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ნამდვილად მივაქცევ ყურადღებას იმას, რომ ეს კითხვა ადრესატს მიუვიდეს~, - მიმართა ბაღათურიას ბაქრაძემ.