22 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება ბელა ჩეკურიშვილის პოეტური კრებულის "შეკითხვად სიზიფეს" პრეზენტაცია.
"თუ სამყარო სეზონებადაა დაყოფილი და შენ გადამფრენი ხარ? თუ ყველაფერი სქესის მიხედვით ნაწილდებდა და სახელებად იყოფა? თუ შენი სიტყვა მხოლოდ ხმაურია და არა ღმერთი, თუნდაც წარსული დროის კატეგორიით?" - მსგავს შეკითხვებზე პასუხი სიზიფესთან ვიპოვე: ჩვენი ქვა იმდენჯერ უნდა ავიტანოთ მთაზე, რამდენჯერაც ჩამოგორდება. სამყაროში, სადაც ყველაფერი თითქოს ქვიშად ქცეულა და სიმყარე აღარაფერს აქვს, ჩემი ქვის მოძებნას მაინც შევეცადე", - წერს ავტორი.
ბელა ჩეკურიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. წლებია, მუშაობს ჟურნალისტად სხვადასხვა გამოცემაში. აქვეყნებს ლექსებს ქართულ პერიოდიკაში. გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული - "ან... ან", "ღია ბარათები", "შეკითხვად სიზიფეს".