28 ივნისს, 19:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით - "ბერძნული ხელნაწერები".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ცენტრში დაცული ბერძნული ხელნაწერები, ფრაგმენტები და კონსპექტური ტიპის ჩანაწერები, რომლებიც ქრონოლოგიურად V-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ასევე გამოიფინება ცენტრში დაცული უძველესი პაპირუსები, ცნობილი მკვლევრის, გრიგოლ წერეთლის კოლექციიდან, რომელიც 200-მდე პაპირუსის ფურცელს მოიცავს.
საგამოფენოდ შერჩეული ექსპონატები მნიშვნელოვანია, როგორც ბიზანტიური მწიგნობრული ტრადიციის განვითარების ისტორიისა და პოსტბიზანტიური ეპოქის ხელნაწერი წიგნის კვლევის, ასევე ქართულ-ბერძნული კულტურულ-ლიტერატურული უერთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით.
გამოფენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართება.