საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციას აქვს მცდელობა, გაჭირვებული ადამიანები დაუპირისპირონ შეძლებულ ადამიანებს, რაც ბოლშევიზმის ნიშანია.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მწვავე გამოსვლების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, თანამედროვე ლიბერალური ეკონომიკის საფუძვლებს უჭერს მხარს.
დარჩიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მართლაც არსებობს რეალური გაჭირვება, თუმცა მას უსამართლობად მიაჩნია, როცა ხელისუფლებას ჰბრალდება საბჭოთა კავშირის შემდეგ სხვადასხვა დარგების გაქრობა.
"ბევრი დარგი გადაჰყვა საბჭოთა კავშირს და ამას ხელისუფლებას აბრალებთ. არჩევნების წინ ამ ხერხებს გამოიყენებთ, მაგრამ თქვენს განცხადებებში უტიფრობის მარგალიტებიცაა. ასეთი მაგალითებია ჯონდი ბარათურიას გამოსვლები, პეტრე მამრაძეს კი რატომღაც ჯიპები არ მოსწონს. უნდათ როგორმე გააღვივონ ემოცია, რომ გაჭირვებული ადამიანები შეძლებულ ადამიანებს დაუპირისპირონ, ეს ბოლშევიზმის ნიშანია. იქნებ შავი ვოლგების პერიოდი ურჩევნიათ. რეალურად ვილაპარაკოთ არსებულ გაჭირვებაზე, დასაქმებაზე, დაბალ ხელფასებზე. ეს არის თანამედროვე ლიბერალური ეკონომიკის საფუძვლები და დიდი ნაწილი საზოგადოების მას უჭერს მხარს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღწეული წარმატებების საფუძველი სწორედ ქვეყანაში ეკონომიკის ლიბერალიზაცია და დემოკრატიული განვითარება გახდა.
შეგახსენებთ: ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრებმა ნახევარსაათიანი დებატები მოითხოვეს. ბაღათურიამ სხდომაზე მოსახლეობის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სახელისუფლებო წრეებში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა. მამრაძის შეფასებით კი, არსებული რეჟიმის სამი საყრდენი არის ტყუილი, ძალადობა და სიძულვილი. მისი თქმით, მოსახლეობისგან ისმის კითხვა: როდის ჩამოვათრევთ ამათ შავი ჯიპებიდან? ხომ მალე ჩამოვათრევთ? "კანონმა უნდა ჩამოიყვანოს ყველა ჩამოსაყვანი იმ შავი ჯიპებიდან და ფუფუნებიდან, რომელიც კონტრასტში მოვიდა გაღატაკებული ხალხის ცხოვრებასთან", - აღნიშნა მამრაძემ.