საერათშორისო დამკვირვებლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და საოლქო უბნებშიც იქნებიან. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გახდა ცნობილი.
კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ არაუმეტეს ორი საერთასორისო დამკვირვებელი, მხოლოდ საარჩევნო უბანზე უნდა ყოფილიყო.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, თუ რა მიზეზით არის განსაზღვრული სადამკვირვებლო არეალად, მხოლოდ საარჩევნო უბანი.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ლორთქიფანიძეს განუმარტა, რომ ეს დეტალი პროექტში დაზუსტდება და საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება ექნებათ, რომ მათი მისია განახორციელონ როგორც საარჩევნო უბანზე, ისე ოლქში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც.
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა.