"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერა დეპუტატებისთვის შეცდომების გამოსწორების ბოლო შანსია. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, "ქართული დასის" კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამნისტიაზე უარის თქმა იმის გათვალისწინებიათაა გაუგებარი, რომ მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალება. ბაღათურია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის არგუმენტად მოყვანაც გაუგებარია, რადგან მისი მტკიცებით, "საქართველოში აქლემის ქურდები, ნემსის ქურდებს იჭერენ და მაქსიმალურ სასჯელს აკისრებენ".
მან ქურდობაში დაადანაშაულა პრეზიდენტი და პარლამენტის ვიცე-სპიკერიც.
"თუ ხელისუფლება დანაშაულსიდმი მკაცრია, მაშინ ის ყველასადმი ასეთ მიდგომას უნდა იჩენდეს. პრეზიდენტის ქურდობის დამადასტურებელი დოკუმენტები აქ წარმოგიდგინეთ. ჩვენ გვყავს ასევე ვიცე-სპიკერი, რომელსაც 5 ათასი ადამიანი ედავება ფულის მოპარვას და ის მაინც ვიცე-სპიკერია", - განაცხადა ბაღათურიამ და რამდენიმე მაგალითი დაასახელა, როდესაც მსუბუქი დანაშაულის გამო ადამიანები მაქსიმალურ სასჯელს იხდიან.
მან მოუწოდა დეპუტატებს, გამოიყენონ ბოლო შანსი და ხმა მისცენ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს. მისი თქმით, თუკი კანონპროექტი ჩავარდება, მომავალი მოწვევის პარლამენტში ამ პროექტს აუცილებლად გაიტანს.