ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცებით, ტყიბულის რაიონში თანამედროვე მონობაა დაკანონებული.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა,
~შრომის კოდექსი~ საქართველოში თანამედროვე მონობას აკანონებს და ამის პრაქტიკული ინპლემენტაციის მაგალითი, ტყიბულია. მისი თქმით, ტყიბულში 1200 ადამიანია დასაქმებული, თუმცა აქვთ კაბალური პირობები.
,,ადამიანები მაღაროში 400 მეტრის სიღრმეში მუშაობენ და არანაირი მუშაობის პირობები არ არსებობს. ამის გამო იქ ბოლო წლების განმავლობაში 14 ადამიანი დაიღუპა. საკუთარი თვალით ვნახე ახალი სამკერვალო ფაბრიკაც, სადაც თანამედროვე მონობაა - 80 ლარად მომუშავა ქალბატონები, რომელიც ხელფასს 20-30 ლარიანი განწილვადებით იღებენ. მაღაროც და სამკერვალო ფაბრიკაც თურქული მენეჯმენტის ქვეშაა და მაშინ, როცა იგივე გადახარისხების საამქროს უფროსს, თურქ მენეჯერს 12 000 ლარიანი ხელფასი აქვს, ქართველ მუშა 300 ლარს იღებს და არანაირი სოციალური დაცვის პაკეტი არ გააჩნია~ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ტყიბულში ის საავადმყოფო ინახულა, სადაც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ჯანდაცვის პოლისით სარგებლობის მიზნით, მოხუცი ქალბატონი მიიყვანეს.
,,ეს ქალბატონი ერთადერთი და განუმეორებელი აღმოჩნდა. სხვა იგივე ასაკის ქალმა ვერავითარი პოლისით ვერ ისარგებლა. მკურნალობა ხომ საერთოდ შეუძლებელია~ - დასძინა დეპუტატმა.
მანვე ტყიბულელებს მიულოცა ,,ქართული ოცნების,, მიერ ტყიბულში მაჟორიტარობის კანდიდატად, ჟურნალისტ ელისო ჩაფიძის დასახელება.