"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საკუთარი თავის ოპონირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთან, ხელისუფლების თამაშის წესები და თავისებურებები, უფრო მეტად გამოკვეთილი ხდება საზოგადოებისთვის.
თარგამაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ "მოქალაქეთა კავშირში" წამყვანი ფიგურიდან, ხელისუფლებაში მოსვლა შესძლო.
,,ეს არ იყო გასაკვირი პოლიტიკური თამაშის წესებიდან გამომდინარე, როცა ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა სახელისუფლო რესურსი გამოიყენა და როცა დასასრულის ჟამი იყო ძველი რეჟიმისა, იქ გადახტნენ, საიდანაც იმავე სტატუსით ხელისუფლებაში შემობრუნება და მოსვლა შეძლეს. მიხეილ სააკაშვილი ახლაც იგივეს ცდილობს და 10 წლიანი შეუზღუდავი, აბსოლუტურად უკონტროლო ხელსუფლების პირობებში, საკუთარი თავის ოპოზიციონერობას თამაშობს. სააკაშვილი ამბობს, რომ ჩავარდა ინდისტრიული ზონა და ეს იყო დიდი შეცდომა ფოთში, თითქოს ეს მთავრობა გიორგი თარგამაძის მთავრობაა და არა მისი. დადის და ტუქსავს პირდაპირ ეთერში კომერციული ბანკებს და მათი მსუნაგობისა და გაუმაძღრობის შედეგად მიაჩნია, ნახევარი საქართველო კრედიტების გამო, ბინების გარეშე რომ არის დარჩენილი. გეგონება მან მისი უმრავლესობით არ მიიღო ცვლილებები კანონებში, რომელთაც ხელი გაუხსნა ბანკებს საიმისოდ, რომ ძალიან მარტივად, ზოგ შემთხევევაში სასამართლოს გევრდის ავლითაც კი შეუძლიათ ბინები ჩამოართვას მოქალაქეებს. ეს გააკეთა სააკაშვილმა და მისმა უმრავლესობამ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით" -აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.