ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ სირიის მთავრობა სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებს სამხედრო ვერტმფრენებს იმ აჯანყებულთა წინააღმდეგ, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვენ.
ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ირანი სირიის რეჟიმს იარაღით ამარაგებს. რამდენიმე ხნის წინ იგივე განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა და მოსკოვი დამასკოსათვის სამხედრო ვერტმფრენების მიწოდებაში დაადანაშაულა. სირიის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.
ჯონ მაკკეინი გამოდის ინიციატივით, გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით, რომელშიც რუსეთს ვეტოს უფლება აქვს, შეიქმნას იმ ქვეყნების კოალიცია, რომლებიც სირიაში სამხედრო საჰაერო ოპერაციის ჩატარებას ემხრობიან. დაახლოებით იმის მსგავსის, როგორიც თავის დროზე ლიბიაში იყო ჩატარებული.
"ენ-ბი-სი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში კი ჯონ მაკკეინმა აშშ-ს სირცხვილი უწოდა იმას, რომ იგი სირიელ ამბოხებულებს არ ეხმარება.