ბათუმის მერიის ინფორმაციით, წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ინჯალოს რეზერვუარების მშენებლობა დასრულდა. 5000-ტონიანი რეზერვუარების მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ტესტურ რეჟიმში წყლის დონის მაჩვენებლები და ქლორირების სისტემა მოწმდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპეციალური დანადგარი რეზერვუარებიდან მიღებული წყლის ნაკადისა და ავზებში წყლის შემოდინება-გადინების პროცესს აკონტროლებს.
რეზერვუარები ექსპლუატაციაში ერთ თვეში შევა, რის შემდეგაც ბათუმის ძირითად ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. სამშენებლო სამუშაოებს შპს "გიო-2007" აწარმოებდა. რეზერვუარების მშენებლობისთვის, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 2 მილიონ 200 ათასი ევრო გამოიყო.