პოზნანში გამართულ მატჩში იტალიელებმა C ჯგუფში პირველი გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. აძურელთა საამმატჩო მიზანი მოგება იყო, თუმცა, ამითაც ვერ ინაღდებდნენ პლეი ოფში გაღწევას. პრანდელის შეგირდების ბედი ესპანელთა პრინციპულობაზეც იყო დამოკიდებული - „ლა ფურიო როხას" ხორვატებისთვის უნდა მოეგოთ და იტალიელებსაც თან გაიყოლებდნენ.
თამაშის სურათი მარტივი იყო - ირლანდიელები ფლანგიდან უტევდნენ და საჯარიმოში აწვდიდნენ ბურთს, ხოლო იტალიელები პირიქით, დაბლა ათამაშებდნენ მას.
ამჯერად სასტარტოში მოთამაშე დი ნატალე, 34-ე წუთზე სწრაფ კონტრშეტევაში ჩაერთო, გივენსაც გაექცა, მაგრამ ნულოვანმა კუთხემ თავისა გამოჩენაში ხელი შეუშალა. ცოტა ხანში კასანომ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და კუთხური მოიპოვა. პირლოს მოწოდებულს პირველი კვლავ კასანო მიწვდა და თავით გაიტანა - 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისისთვის ირლანდიელებმა უფრო გახსნილი ფეხბურთის თამაში დაიწყეს. ეს იტალიელებს კონტრშეტევისთვის სივრცეს უხსნიდა, მაგრამ ამ სივრცის გამოყენება აძურელებმა ვერ შეძლეს.
ყველაზე კარგი მომენტი ჯანლუიჯი ბუფონის კარში 79-ე წუთზე შეიქმნა. დაფმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი თანაგუნდელ ენდრიუსს გაუძვრინა, მაგრამ იტალიელების კაპიტანმა შეძლო ბურთის მოგერიება.
შეცვლაზე შემოსულმა ბალოტელიმ კიდევ ერთი კუთხური გამოიყენა და თავისი გუნდის პლეი ოფში გასვლას ლამაზი წერტილი დაუსვა - 2:0.
იტალია - ირლანდია 2:0 (1:0)
პოზნანი. 18 ივნისი, 2012. „მუნიციპალური". 39550 მაყურებელი. 22:45
იტალია (4-1-3-2): ბუფონი, ბალზარეტი, კიელინი (ბონუჩი, 57), ბარძალი, აბატე, პირლო, დე როსი, ტიაგო მოტა, მარკიზიო, კასანო (დიამანტი, 62), დი ნატალე (ბალოტელი, 74).
მთავარი მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.
ირლანდია (4-2-3-1): გივენი, უორდი, სენტ-ლეჯერი, დანი, ო'ში, დაფი, ენდრიუსი, უილანი, მაკგიდი (ლონგი, 65), დოილი (უოლტერსი, 76), კინი (კოქსი, 86).
მთავარი მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი.
გაფრთხილებები: ბალზარეტი (29), ენდრიუსი (37, 89), ო'ში (39), დე როსი (71), ბუფონი (73), სენტ-ლეჯერი (84).
გაძევება: ენდრიუსი (89).
გოლები: 1:0 კასანო (35), 2:0 ბალოტელი (90).
მსაჯები: ჯუნეიტ ჩაქირი, ბახატინ დურანი, ტარიკ ენგიუნი, ხუსეინ გეჩეკი, ბიულენტ ილდირიმი (ყველა თურქეთი); ვიქტორ შვეცოვი (უკრაინა).
დარტყმა 15 (6)-4 (2); ჯარიმა 15-24; კუთხური 12-5; თამაშგარე 3-6; ბურთის ფლობა 58%-42%; სეივი 2-4.