ამერიკულმა გამოცემა "Foreign Policy"-მ დასავლეთში ყველაზე ცნობილი რუსული სპეცსამსახურების რამდენიმე წარმომადგენლის ბიოგრაფია გამოიკვლია. მათი მიზანი იყო, გაერკვიათ, თუ რა მოიგეს მათ და სადამდე მიიყვანა ისინი საბჭოთა სპეცსამსახურებში სამსახურმა.
აღმოჩნდა, რომ ყველა ყოფილმა ჩეკისტმა, ყოველ შემთხვევაში მათ, რომლებიც დასავლელმა ჟურნალისტებმა თავიანთ "ყველაზე საინტერესოთა" სიაში შეიყვანეს, თავიანთი ცხოვრება დიდების გარეშე, მეტიც, ტრაგიკულად დაასრულეს. გამონაკლისი, რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღმოჩნდა. იგი რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი 15 წლის განმავლობაში იყო. იგი აღმოსავლეთ გერმანიაში მუშაობდა და ადამიანების გადაბირებით იყო დაკავებული, რათა ისინი შემდეგ დასავლეთში ჯაშუშებად გაეგზავნა.
წლების განმავლობაში პუტინმა მხოლოდ პოდპოლკოვნიკობას მიაღწია, თუმცა რუსეთში დაბრუნების შემდეგ 1990 წლიდან მისმა კარიერამ აღმასვლა დაიწყო. 1998 წელს იგი მოულოდნელად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი გახდა. ამის შემდეგ ბორის ელცინმა იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. "ხოლო ის, თუ რა მოხდა შემდეგ, თქვენ ყველამ იცით", _ ნათქვამია პუტინისადმი მიძღვნილი ქვეთავის ბოლოს.
სხვა ცნობილ ექს ე.წ." კაგებეშნიკებს" ნაკლებად გაუმართლა. ამგვარი დასკვნის გაკეთება შესაძლებელია იმიტომ, რომ ჟურნალისტმა თავისი სტატიისათვის მასალა მათგან აიღო, ვინც უკანონოდ საზღვარი გადაკვეთა.
"Foreign Policy"-ის მიერ გამოქვეყნებულ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (КГБ) წარმომადგენელთა ნუსხაში მეორე ნომრად ალექსანდრე ლიტვინენკოა შეყვანილი. "ამ რადიოაქტიურმა მიცვალებულმა ყველას შეახსენა, რომ სპეცსამსახურების მეთოდებმა იმაზე ბევრად მეტი იცოცხლა, ვიდრე თავად სპეცსამსახურმა", _ წერს სტატიის ავტორი.
ამის შემდეგ ნუსხაში ბორის კარპიჩკოვი მოდის. იგი სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა (КГБ) -მ 1984 წელს გადაიბირა. იგი ლატვიაში, მეორე მთავარ სამმართველოში (საგარეო დაზვერვა) მუშაობდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლატვიის სპეცსამსახურებში ჩასვეს და ორმაგ აგენტად მუშაობდა. 1990-იან წლებიდან მას სულ უფრო და უფრო მეტად "უცრუებდა იმედს ფედერალური უშიშროების სამსახური". ლატვიელების მიერ მისი გაშიფვრის შემდეგ იგი მცირე ხნით რუსეთში დაბრუნდა, თუმცა 90-იანი წლების ბოლოს ყალბი პასპორტით, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობის დროიდან შემორჩა ,დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. იგი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, ცდილობს ყურადღება არაფრით მიიპყროს და გამუდმებით "უკან იყურება, ხომ არ უთვალთვალებს ვინმე".
სპეცსამსახურების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც ნუსხაშია და რომელმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვარი გადალახა, ოლეგ ლიალინია. 1960 წლიდან იგი ლონდონში მუშაობდა საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობის მფარველობის ქვეშ. იგი ცნობილია იმით, რომ დასავლეთიდან ყველაზე მასობრივად საბჭოთა დიპლომატების გამოძევების პროვოცირება მოახდინა. 100-ზე მეტი საბჭოთა დიპლომატი დიდი ბრიტანეთიდან გამოაძევეს, ყველა მათგანი ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი.
ლიალინზე გავლენის მოხდენის ბერკეტი აგენტებმა 1971 წელს მიიღეს, როდესაც ცნობილი გახდა მისი რომანის შესახებ მდივანთან. მათ ეს ბერკეტი მაშინ აამოქმედეს, როდესაც ლიალინი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს. თანამშრომლობის სანაცვლოდ ლიალინმა თავისთვის და თავისი შეყვარებულისთვის პროტექცია მოითხოვა. ისინი დაქორწინდნენ, თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ჯაშუში გარდაიცვალა გაურკვეველი ავადმყოფობით. დღემდე უცნობი რჩება, რა სჭირდა მას კონკრეტულად და სად გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები.
აგენტი ოლრიჯ ეიმსი 9 წლის განმავლობაში იყო საბჭოთა "თხუნელა" ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში. თავისი კარიერა სპეცსამსახურებში 1962 წელს დაიწყო, მაგრამ გადაბირების შესახებ დავალებებს იმდენად ცუდად ასრულებდა, რომ პერიოდულად სასმელის ჭარბი მიღების გამო საქმეებს ეთიშებოდა და დეპრესიაში ვარდებოდა. როდესაც იგი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციების კურირების განყოფილებაში გადაიყვანეს, ხელთ ჩაუვარდა რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ამერიკელი აგენტების პირადი მონაცემები. სწორედ ამ პერიოდში თავისი საყვარლის გამო უზარმაზარი ვალები დაედო.
"მას 50 ათასი აშშ დოლარი სჭირდებოდა. მოგვიანებით ეიმსი აღიარებდა, რომ გაიგო თითქოს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (КГБ)-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებს სწორედ ამ თანხას უხდიდნენ. სულ მან 25 ადამიანი "ჩაუშვა", მათ შორის თავისი ერთ -ერთი საუკეთესო მეგობარი სერგეი ფიოდორენკო. ამ "საქმისთვის" მან დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. 1994 წელს ეიმსი გაშიფრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ამ სასჯელს დღემდე პენსილვანიის ერთ-ერთი ციხეში იხდის.
კიდევ ერთი გენერალ-მაიორი ოლეგ კალუგინი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რიგებიდან დათხოვნის შემდეგ, 1990 წელს, აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და აშშ-ის კათოლიკურ უნივერსიტეტში პედაგოგობა დაიწყო. მან დაწერა წიგნი - "პირველი მთავარი სამმართველო. ჩემი 32 წელი დაზვერვაში და დასავლეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში". იგი იყო მოწმე სასამართლოებზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის აგენტების წინააღმდეგ. აშშ-ში მან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. 2002 წელს კალუგინი რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს. მას სამხედრო წოდება, პერსონალური პენსია, საბჭოთა კავშირის ორი სახელმწიფო ჯილდო ჩამოართვეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.