ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტომ" დღეიდან ტყის ხმობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო.
"ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" დაკვეთით, აგრარულმა უნივერსიტეტმა სამცხე-ჯავახეთსა და ბორჯომის ხეობაში ტყეების ფიტოპათოლოგიური კვლევა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ ტყის მასივებში მავნე მწერებია გავრცელებული, რომლებიც ხეების ხმობას იწვევს.
მავნებლების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლა პირველ ეტაპზე ბორჯომის ხეობაში, 10 ჰა ტყის ფართობზე დაიწყო. ტყის დაზიანებულ ფართობზე სპეციალური ხელსაწყოები განთავსდა, რაც ტყეში მავნებლების რისკებს შეამცირებს და მათ გავრცელებას შეუშლის ხელს.
მიმდინარე წლის ბოლომდე "ბუნებრივი რესურსების სააგენტო" მსგავს პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ტყის მასივებში განახორციელებს.