პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის შეფასებით, ისტორიულ შენობებზე ლიფტის კონსტრუქცია, ხელს უწყობს მეტმა ადამიანმა ნახოს ეს კომპლექსი.
როგორც წერეთელმა ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, ისტორიულ შენობებზე თანამედროვე კონსტრუქცია, მათ შორის ლიფტი, მსოფლიოში ძალიან ბევრ ადგილასაა.
მისი ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია შეთანხმებული პროცესია და მასში ჩართული იყო საერთაშორისო ინსტიტუტები, იუნესკო, საბჭოები, საპატრიარქო. მისივე თქმით, არქიტექტორი, რომელიც ამ ყველაფერს მეთვალყურეობს ერთ-ერთი გამოჩენილი ადამიანია.
,,მე ამის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მინახავს და ვიცი. მაგალითად, იტალიაშიც და ესპანეთშიც არის თანამედროვე კონსტრუქცია, ვთქვათ ლიფტი. ამით საქართველო არ არის უნიკალური. ეს ხელს უწყობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს კომპლექსი. რამდენად შეესაბამება ეს კონკრეტულად საქართველოში ბაგრატის პროექტს, ეს მეორე საკითხია და ამაზე სპეციალისტები იღებენ გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკოსები", - განაცხადა გიგი წერეთელმა და დასძინა, რომ საქართველოში კიდევ ბევრი ძეგლი აღდგება, მათ შორის ბაგრატის ტაძარი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოა.
საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანება გამოაქვეყნა, რომელიც ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შეჩერებას ეხება.
ბრძანების თანახმად, 18 ივნისიდან დროებით უნდა შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები.
„დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი), საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე", - აღნიშნულია ბრძანებაში.