დაიწყო თუ არა თამაში, „დონბას არენაზე" მყოფმა მატყრებელმა თუ მატჩის ყველა მონაწილემ, საკუთარ თავზე თავსხმა წვიმა იწვნია. ჰოლანდიელმა არბიტრმა კუიპერსმა, 5 წუთი ათამაშა გუნდები და წვიმის გადაღების ნიშან-წყალიც რომ ვერ დაინახა, მატჩი შეწყვიტა. ყველაფერი 55 წუთში განახლდა და მაყურებელმა, ევრო-2012-ის ერთ-ერთი ფავორიტის თამაში იხილა. დიახ, საფრანგეთმა ფეხბურთი ითამაშა, უკრაინა კი მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.
მეტნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში „სამფეროვნების" უპირატესობა საგრძნობი გახდა. ფრანგები მეტოქეს განსაკუთრებით ტექნიკაში სჯაბნიდნენ, რაც საწყის 10 წუთში 20ბურთიან ფორაში აისახა.
53-ე წუთზე, ფრანგების სწრაფი სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ, ბურთი ჟერემი მენეზს მიუვიდა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან ცოტათი საჯარიმოს შუაგულისკენ წაიწია და პიატოვს, მარცხენა დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა - 0:1.
უკრაინელები ხეირიანად გონს ვერ მოსულიყვნენ, რომ მეტოქემ კიდევ ერთხელ გაუტანა. გოლი კარიმ ბენზემას უზადო პასს მოჰყვა, რომელიც იოან კაბაიეს მიუვიდა. ნახევარმცველი კიპერთან პირისპირ დარჩა, რასაც წინ გუსევისა და მიხალიკის „ჩაძინება" უსწრებდა. დანარჩენი კი, უკვე ტექნიკის საქმე იყო, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ფრანგებს უკრაინელებზე ბევრად რაციონალური და დანიშნულების მიხედვით გამოყენებადი აქვთ - 0:2.
მატჩის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, მაგრამ ამ დღეს ტურნირის თანამასპინძლებმა ქულის გადასარჩენი კი არა, გოლის გასატანი ვერაფერი გააკეთეს. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი წაიღო ჯგუფური ტურნირის პირველ ტურში, შვედებთან მოპოვებულმა ისტორიულმა გამარჯვებამ. ალბათ, „იბრას" და კომპანიის ძლევა, ბლოხინის შეგირდთათვის, ამ სადებიუტო ევროზე მაქსიმუმი იყო. თუმცა, ვნახოთ - წინ ინგლისთან დასკვნითი მატჩი ელის უკრაინას და იქნებ, კიდევ „გაუვარდეს" „შევას" ან მის რომელიმე თანაგუნდელს.
უკრაინა - საფრანგეთი 0:2 (0:0)
დონეცკი. 15 ივნისი, 2012. „დონბას არენა". 48000 მაყურებელი. 20:00
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი, გუსევი, მიხალიკი, ხაჩერიდი, სელინი, ტიმოშჩუკი, ნაზარენკო (მილევსკი, 60), იარმოლენკო (ალიევი, 68), ვორონინი (დევიჩი, 46), კონოპლიანკა, შევჩენკო.
მთავარი მწვრთნელი: ოლეგ ბლოხინი.
საფრანგეთი (4-5-1): ლიორისი, დებუში, რამი, მექსესი, კლიში, დიარა, კაბაიე (მ'ვილა, 68), ნასრი, მენეზი (მარტენი, 73), ბენზემა (ჟირუ, 76), რიბერი.
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გაფრთხილებები: მენეზი (40), სელინი (55), დებუში (79), მექსესი (81), ტიმოშჩუკი (87).
გოლები: 0:1 მენეზი (53), 0:2 კაბაიე (56).
მსაჯები: ბიორნ კუიპერსი; სანდერ ვან როეკელი, ერვინ ზეინსტრა; პოლ ვან ბოეკელი, რიჩარდ ლისველდი (ყველა ჰოლანდია); ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია).
დარტყმა 7 (1)-15 (11); ჯარიმა 7-16; კუთხური 5-6; თამაშგარე 2-3; ბურთის ფლობა 48%-52%; სეივი 8-1.
1. საფრანგეთი
2 1 1 0 3:1 4
2. უკრაინა
2 1 0 1 2:3 3
3. ინგლისი
1 0 1 0 1:1 1
4. შვედეთი
1 0 0 1 1:2 0