"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს ეხმიანება.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ეს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, "დემოკრატიულ მოძრაობის" შეფასებებსა და დასკვნებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის, არსებული საარჩევნო გარემოს და ხელისუფლების შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა და ხშირ შემთხვევაში, აკრიტიკებდა.
"დემოკრატიული მოძრაობა" აცხადებს, რომ ქვეყნის დღევანდელი მმართველი გუნდი არ დაუშვებს ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. როგორც მოსალოდნელი იყო, ისედაც მძიმე საარჩვენო გარემო, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო დამძიმდა და სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა", - აღნიშნულია განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, აღნიშნულის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიც, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ბოლო ერთი თვის მდგომარეობას ასახავს.
"ხელისუფლება კიდევ უფრო ამკაცრებს ტერორს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებისა და რეალურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათი მომხრეების მიმართ", - აცხადებს პარტია.
"დემოკრატიული მოძრაობა" მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების უკანონო ქმედებების არსებული დინამიკა უკვე ღიად უჩვენებს - ქვეყნის მმართველი რეჟიმი მიდის დიქტატურისკენ.
"ჩვენ ვიცით, რომ 2009 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, ხელისუფლება გეგმავს მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც გაიფორმოს გამარჯვება. საქართველოს მოქალაქეებში სააკაშვილისა და მისი რეჟიმის საწინააღმდეგო განწყობა ყოველდღიურად მატულობს და რაც უფრო ნაკლები დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, სააკაშვილის გუნდი კიდევ უფრო გააძლიერებს წნეხსა და ტერორს მიზნის მისაღწევად, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას," - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები