ხვალ, 16 ივნისს "საქპატენტში" პატენტრწმუნებულთა ატესტაცია ჩატარდება. "საქპატენტის" ინფორმაციით, პატენტრწმუნებულები ატესტაციას წელიწადში ერთხელ გადიან და წელს ის მეორედ ტარდება .
2012 წელს პატენტრწმუნებულის სტატუსის მიღების სურვილი 50 პირმა გამოთქვა. პატენტრწმუნებული არის პირი, რომლის დახმარებითაც მოქალაქეები "საქპატენტთან" ურთიერთობას წარმართავენ. პატენტრწმუნებულები არიან დარგობრივი სპეციალისტები, რომლებიც კლიენტის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ: ადგენენ განაცხადს, დასაპატენტებელი ან დასარეგისტრირებელი ობიექტის აღწერილობას, მუდმივად არიან საქმის კურსში, ხომ არ ირღვევა მათი კლიენტის ინტერესი სხვა პირის ან კომპანიის მიერ, საჭიროების შემთხვევაში წარმართავენ დავას "საქპატენტის" სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში და ა. შ.
ატესტაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ პირს, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მუშაობის სურვილი აქვს და აქამდე ახალი წესით არ გაუვლია შესაბამისი ატესტაცია.
პატენტრწმუნებულის მომსახურებით განსაკუთრებით აქტიურად სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის იურიდიული პირები არიან და საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ისინი "საქპატენტთან" ურთიერთობას წარმართავენ რეგისტრირებული პატენტრწმუნებულის მეშვეობით
მასალის გამოყენების პირობები