ოფიციალური თბილისი საერთაშორისო ორგანიზაციებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების განხორციელების შესახებ რუსეთის დუმაში მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ "გააქტიურებისკენ" მოუწოდებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ საერთაშორისო ზეწოლას შეუძლია კრემლის იძულება, უარი თქვას შესაბამისი კანონის ამოქმედებაზე.
აღნიშნულ კონტექსტში მინისტრის მოადგილეს იმედი აქვს, რომ "კანონის საქმე პრაქტიკულ გამოყენებამდე არ მივა".
"იმდენად მტკივნეულად იქნა აღქმული ამ კანონპროექტის შემუშავება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ იმედი გვაქვს, ამ დოკუმენტის საქმე პრაქტიკულ გამოყენებამდე არ მივა".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების განხორციელების შესახებ კანონპროექტი დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცა.
როგორც ცნობილია, დოკუმენტში წერია, რომ კანონი, რუსეთის არმიას სუშუალებას აძლევს უკუაგდოს ყველა ის საჯარისო ნაწილი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაესხმება და დაუპირისპირდეს საზღვრებთან განლაგებულ სხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილებს.
დოკუმენტი ასევე რუსეთის არმიას უფლებას აძლევს საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით შესაბამისი ოპერაცია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს.
კანონპროექტის წინააღმდეგ უკვე გამოვიდა ევროსაბჭო და დოკუმენტის შესწავლა ვენეციის კომისიას დაავალა.