საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური სამტრედიის მოსახლეობისთვის გარკვეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების თაობაზე მედიასაშუალებებში გავრცელებულ სიუჟეტს ეხმიანება და პროკურატურას აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"ტელესიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სამტრედიის მოსახლეობისთვის გარკვეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების თაობაზე საჭიროებს პროკურატურის მხრიდან მოკვლევის ჩატარებას აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები. თავის მხრივ, მონიტორინგის სამსახური გააგრძელებს აღნიშნული ინფორმაციით გავრცელებული გარემოებების შესწავლას", _ ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ: "რესპუბლიკური პარტიის" "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც 14 ივნისს სამტრედიის ახალ საავადმყოფოსთან "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატის, ლევან ფხაკაძის ("ვისოლის" აქციონერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) წარმომადგენლის ადგილობრივებთან შეხვედრას ასახავს. ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, ფხაკაძის წარმომადგენელია, ასე მიმართავს მოსახლეობას: "დაგჭირდებათ სათვალეები? ბატონი ლევანის დაფინანსებით უფასოდ გადმოგეცემათ. ვაფინანსებთ კატარაქტის ოპერაციას... ბატონი ლევანი დააფინანსებს ამ ოპერაციასაც".