ხვალ, 16 ივნისს, ნატოს კვირეულს ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ, 11-იდან 16 ივნისამდე ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. გაიმართა შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები, კონკურსები და დებატები.