ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ „შემოიარე საქართველოს“ ფარგლებში მომზადდა „ზაფხულის ტურისტული კალენდარი“, სადაც დატანილია 16 ივნისიდან - 15 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი ტურისტული აქტივობები.
პროექტის ფარგლებში, ხვალ 16 ივნისს, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე 17:00 – 20:30 საათამდე მოეწყობა „სეზონური ხილის ფესტივალი“ სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ხილი, ასევე ხილისგან წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია: ტკბილეული, ნაყინი, გამაგრილებელი სასმელები და სხვა. ფესტივალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გახსნის. დასწრება უფასოა და ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ელექრომობილებით გაისეირნონ მცხეთის ტურზე.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ყაზახეთის წამყვანი ტუროპერატორები და ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან და მათთვის საინფორმაციო ტური საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა. პროექტის სლოგანია „შემოიარე საქართველო“ და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება.
გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები