საქართველოს მხრიდან, აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში შემოსავლების დამალვის შესახებ, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. კომენტარისგან თავს იკავებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც.
ექსპერტების კვლევის კომენტირაბაზე, ჟურნალისტებს უარი განუცხადეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა. აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემაც.
შეგახსენებთ, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გუშინ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, შალვა მექვაბიშვილის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მხრიდან აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში შემოსავლების დამალვას ეხება.
კვლევაში მოცემულია საქართველო-აშშ-ის შორის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში არსებული განსხვავებები, რის შედეგადაც, მექვაბიშვილის ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი "ჩრდილში" ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს. კვლევის ავტორის შეფასებით, აღნიშნული მიუთითებს ჩრდილოვანი ეკონომიკისა და ელიტური კორუფციის დიდ მასშტაბებზე, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, პირველ რიგში, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკური ნება; საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობა და მათზე უმკაცრესი კონტროლი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, პოლიტიკური პარტიებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელები.