საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წლის 25 მაისს ფიფას პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს ოფიციალური წერილით მიმართა. წერილი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების არაკანონიერ სურვილს - ფეხბურთში ოფიციალური საერთაშორისო მატჩების ორგანიზების შესახებ შეეხებოდა.
სფფ-მ მკაფიოდ დააფიქსირა ქართული მხარის პოზიცია; ქართული მხარე მთლიანად გამორიცხავს საქართველოს რეგიონის - აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას.
აღნიშნულ წერილს მოჰყვა ფიფას უმაღლესი პირების რეაქცია. დღეს სფფ-მ მიიღო ფიფას გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიფას ამ დროისთვის აფხაზეთის რესპუბლიკისგან არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღია.
ამასთანავე წერილში აღნიშნულია, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომლითაც აფხაზური მხარე ხშირად აპელირებს, არის რადიკალურად სხვა სახის გარემოება, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება.
სფფ მიესალმება მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახის მთავარი ორგანოს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის უკანონო მოთხოვნები, აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი რეგიონის მხრიდან აღარ დაფიქსირდება