რუსული მხარე ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევებას აგრძელებს. როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რუსული მხარე წლების წინ დაწყებულ პოლიტიკას აგრძელებს.
"ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს რა რეაქცია უნდა ჰქონდეს? ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს, უფრო სწორედ ვერ გამოვიდა იმ განწყობიდან, რომლის შედეგად, დღეს სტრასბურგში ევროპის ადამიანთა სასამართლოში იმართება პროცესი, აღძრული ჯერ კიდევ 2006 წელს. სამწუხაროა, რომ 3 წლის თავზე ამ ქმედებიდან რუსეთის ჩინოვნიკს და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს მსგავსი განწყობები აქვს. სამწუხაროა ფაქტია, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერალურმა საიმიგრაციო სამსახურმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს 9 ათასზე მეტ მოქალაქეს კანონდარღვევა აღმოუჩინა. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა კონსტანტინე რომოდანოვსკიმ გააკეთა. "ჩვენთან საქართველოს ისეთი 9 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც დარღვეული აქვთ 90-დღიანი რეჟიმი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ ადამიანების მოვძებნით და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ: ან საიმიგრაციო სამსახური ან სასამართლო. ჩვენ წესრიგი უნდა დავიცვათ", _ განაცხადა მან.