საერთაშორისო დამკვირვებელთა შერჩევის ახალი კრიტერიუმები საარჩევნო კოდექსში გაიწერა. პარლამენტში განსახილველი პროექტის თანახმად, იმისთვის, რომ სახელმწიფომ ან ორგანიზაციამ საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნა შესძლოს, ისინი საქართველოს კანონმდებლობას, სუვერენიტეტს და ადამინის უფლებათა საერთაშორისო ნორმების მიმართ პატივისცემას უნდა გამოხატავდნენ. ამასთან, მათ საარჩევნო პროცესის ხელშეშლისგან თავის შეკავება მოეთხოვებათ. გარდა ამისა, მისიებს ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭირვალეობა მოეთხოვებათ. კრიტერიუმებს შორის პოლიტიკური მიუკერძოებლობა და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაც არის მითითებული.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, მოცემულია მინიმალური კრიტერიუმები, რომელსაც ნებისმიერი სადამკვირვებლო მისია დააკმაყოფილებს. Mმისი თქმით, შესაძლოა, რუსეთს საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნისა და ვითარების არევის სურვილი გასჩენოდა.
„თუ სახელმწიფო საქართველოს სუვერენიტეტსა და კანონმდებლობას არ აღიარებს, მითუმეტეს, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, საარჩევნო პროცესში მისი მონაწილეობის მოტივაცია გასაგებია," - აღნიშნა დეპუტატმა.
საარჩევნო კოდექსში ტექნიკური ცვლილებაც შედის. კუბლაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მოქმედი ნორმა იკითხება ისე თითქოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მხოლოდ ორი დამკვირვებელი შეიძლება იყოს.
„ვაზუსტებთ პრინციპს - ერთ ორგანიზაციას უფლება ექნება თითო საარჩევნო უბანზე ერთდროულად არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლი ჰყავდეს," -დასძინა კუბლაშვილმა.
პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს მე-2 მოსმენით მომავალ კვირას განიხილავს.