,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა,, ლაზიკას მშენებლობას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ახირებად მიიჩნევს. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისას, მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული იდეის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება არსებობს თავად მმართველი გუნდიდანაც.
თარგამაძის განმარტებით, ლაზიკას პროექტი არც ეკონომიკური, არც ინფრასტრუქტული და არც დასაქმების თვალსაზრისით არ არის გამართლებული.
,,მეც ვიცი, ფოთელებს გაუხარდათ ლაზიკას შესახებ რომ გაიგეს, ამბობენ იქ მაინც დავსაქმდებით, სააკაშვილის მორიგი ახირების ხარჯზეო, თორემ ფოთშიც სიამოვნებით იმუშავებდნენ. ამ პროექტის მთავარი სტრატეგია დღეს აკაკი მინაშვილის მხრიდან ითქვა, რომ ქართულ სოფელს მომავალი არა აქვს და ყველა უნდა ჩამოვიდეს ქალაქში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავარი რეგიონალური პოლიტიკა უნდა იყოს ქალაქისა და სოფლის თანაბარი განვითარება, ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებისთვის კეთილდღეობის შექმნა,, - აღნიშნა თარგამძემ.
მისივე თქმით, საკითხის განხილვის მიმართაც კი არასერიოზული დამოკიდებულება არსებობს, რაც განმარტებით ბარათშიც ამოიკითხება.
,,კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილება არც შემოსავლებზე ახდენს გავლენას და არც ახალ ფინასურ ვალდებულებებს იწვევს. ამბობენ განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი ექნებაო, მაგრამ წერია რომ არც გადასახადის მომატება იგეგმება და არც დაკლება. ასევე, სამარცხვინოდ წერია, რომ ექსპერტების დასკვნა არ არსებობს. ეს პროექტი ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ცხადია, ეს იდეა ერთი კაცის თავშია დაბადებული. რაც არ უნდა აკეთოს, ვერავინ იტყვის, რომ მან დაარსა ბათუმი ან ქუთაისი, ახლა ქალაქის დამაარსებლის სახელი სურს და ამ სურვილს ჩვენს ხარჯზე ისრულებს. გთავაზობთ ლაზიკას ნაცვლად მას პირდაპირ დავარქვათ მიშა-პოლისი, ან მიშა-ბურგი,, - აღნიშნა თარგამაძემ.
დღეს, პირველი მოსმენით განხილული საკონსტიტუციო ცვლილებით, ლაზიკას, საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებული სტატუსი ექნება, რომელიც ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს.
მასალის გამოყენების პირობები