საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ლაზიკას მშენებლობა ქვეყნის განვითარების ახალი შესაძლებლობაა.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისას, ურმავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ის ქვეყნებია განვითარებული, სადაც უფრო მეტი ადამიანი ქალაქში ცხოვრობს.
მისი განმარტებით, თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალაქია, სადაც სერვის ბიზნესია განვითარებული და საქართველოს სჭირდება რამდენიმე დიდი ქალაქი, რომელიც ამ ბიზნესის განვითარებას ბიძგს მისცემს. დეპუტატის მტკიცებით, სწორედ ამ მიდგომების გაგრძელებაა ქალაქ ლაზიკის მშნებლობის პროექტი.
უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა კი ლაზიკის გეოგრაფიულ განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ასეთი რესურსი ქვეყანას გამოუყენებელი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს არის ქვეყნის განვითარების ახალი შესაძლებლობა.
კუბლაშვილისთვის მიუღებელია ასევე, ოპონენტების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებით, ლაზიკის ტერიტორია შესაძლოა დაიკარგოს. მისი განცხადებით, ტერიტორიების დაკარგვა მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ქვეყანაში კორუფცია არსებობდა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი 106 ხმით, ერთის წინააღთმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტის თანახმად, კონსტიტუციის მე–3 მუხლს მე–5 პუნქტი დაემატება. რომლის თანახმად, კონსტიტუციას დაემატება ჩანაწერი – ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები