ხვალ, 13 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში სპეციალურ პრესკონფერენციას პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად გამართავენ ის ადამიანები, ვინც ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად "სოლიდარობა 2" დააფუძნა, შემდეგ კი გაერთიანების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. პრესკონფერენციაზე განცხადებას პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
პრესკონფერენციას გამართავენ უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის (თ. იოვაშვილი), ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრი (ნ. ქევხიშვილი), ხელოვნების დაცვისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი - ფიროსმანი მხატვართა მუზა (დ. ჭილაშვილი).
"ჩვენ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და წევრებმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავემიჯნოთ 8 მაისს დაფუძნებულ ე. წ. "თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა-2"-ის საინიციატივო ჯგუფს, რომლის მიზანი პროფკავშირების შექმნა კი არა, არამედ კიდევ ერთი ხმაურიანი აქციის ჩატარება იყო, რათა რიგ პოლიტიკოსებს თავი შეეხსენებინათ საზოგადოებისთვის. ვემიჯნებით რა მათ ბინძურ პოლიტიკურ თამაშს, ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვერ გავხდებით რიგი პოლიტიკოსების პირადი ამბიციებისა და რეანიმაციის მანიპულირების იარაღი, ვინაიდან ჩვენი ორგანიზაციის თითოეული წევრი არის აპოლიტიკური, არ ვაპირებთ თავისუფალი, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩავრთოთ მათ პიარაქციებში. ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვამცნოთ, რომ არ შეგვიწყვეტია და ვაგრძელებთ მუშაობას იმ პირთა დასახმარებლად, ვისაც ვეხმარებოდით და კვლავაც გავაგრძელებთ მათი უფლებების დაცვას. მივიჩნევთ, რომ ჭეშმარიტი პროფკავშირები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა, ვართ სოლიდარულნი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და მისი წევრი ორგანიზაციების მიმართ და ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მათთან", აცხადებენ ისინი.