საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ტრაქტორების დეფიციტის გადასაფარად, კიდევ ათასი ტრაქტორის შემოტანაა საჭირო. ქვეყნის პირველმა პირმა ტექნიკის ხელმისაწვდომობის საკითხიც დააყენა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შესაბამისი დავალებაც მისცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარია გლეხმა პროდუქციის იაფად მოყვანა შეძლოს, რისთვისაც საჭირო ცოდნა ამ ცენტრების დახმარებით უნდა მიიღოს.
მომსახურების ცენტრებში არსებული მექანიზაციის საშუალებებით 42 სახეობის აგროოპერაციის შესრულება, ასევე, სასუქისა და შხამ-ქიმიკატების შეღავათიან ფასად შეძენა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაა შესაძლებელი.
მსგავსი ცენტრები უკვე საქართველოს 12 რაიონში გაიხსნა, რომელთაგან ექვსი მრავალპროფილიანია. აქვე მოქმედებს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები და საინფორმაციო ცენტრები, სადაც ფერმერები შეძლებენ, მიიღონ კონსულტაცია წარმოების ტექნოლოგიების, ახალი ჯიშების, ფერმერული მეურნეობების მართვისა და ნიადაგის განაყოფიერების შესახებ.