პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის შეფასებით, კოალიცია ,,ქართული ოცნებისთვის,, დაკისრებული ჯარიმის ოდენობა ელემენტარული მათემატიკაა.
როგორც მან ჟურნალისტებთან ივანიშვილისათვის დაკისრებული უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმასთან დაკავშირებით განაცხადა, ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს ათმაგი ოდენობით დაჯარიმებას განმეორებით დარღვევის შემთხვევაში.
,,მე ალბათ არ მეგულება ისეთი შემთხვევაც, რომ 14 მილიონი გამოეყენებინოს ვინმეს მოსყიდვისთვის. ამიტომ თუ მოსყიდვისთვის ეს თანხა იყო გამოყენებული და უკანონო შემოწირულობების სახით, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ელემენტარული მათემატიკაა, რომ 14 მილიონი ათზე გადავამრავლოთ და ის თანხა გამოვა, რომლითაც დაჯარიმდა,, - აღნიშნა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია კონტროლის პალატას გააჩნია.
კოალიცია ,,ქართული ოცნების,, ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, მისთვის დაკისრებული 149 მილიონიანი ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია და მისი პასუხი დღეს გახდება ცნობილი.