რუსეთის პოლიციის თანამშრომლები "მილიონიან მარშზე" მივიდნენ, სცენაზე ავიდნენ და ოპოზიციის ლიდერებს სერგეი უდალცოვსა და ბორის ნემცოვს საგამოძიებო კომიტეტში გამოძახების უწყება გადასცეს. ისინი საგამოძიებო კომიტეტში დასაკითხად ამ საღამოს არიან დაბარებულნი.
"ახლახანს სცენაზე პოლიციის თანამშრომლები ამოვიდნენ და მე და ბორის ნემცოვს უწყება გადმოგვცეს. ჩვენ საგამოძიებო კომიტეტში 17:00 საათზე გვიბარებენ", _ განაცხადა სერგეი უდალცოვმა.
შეგახსნებთ, რომ მოსკოვში "მილიონიანი მარში" მიმდინარეობს. მიტინგზე ერთ-ერთი პირველი სიტყვით "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი გამოვიდა. მან მოუწოდა მიტინგის მონაწილეებს ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, ხოლო მიტინგის შემდეგ უვადო სეირნობები მოაწყონ.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის მონაცემებით, მიტინგში 15 ათასი ადამიანი მონაწილეობს. რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ არაოფიციალურ საუბარში მოსკოველი პოლიციელები აცხადებენ, რომ მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა 50 ათასია. თავად სერგეი უდალცოვი აცხადებს, რომ მიტინგში 100 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
მოსკოვში წესრიგს დღეს 12 ათასზე მეტი პოლიციელი და შინაგანი ჯარის წარმომადგენელი იცავს.