საპარლამენტო უმცირესობა „ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ" კანონპროექტს მხარს არ უჭერს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, დაზოგვის სისტემას მოსახლეობის დაბალი შემოსავლების პირობებში, სოციალური ეფექტი არ ექნება.
მისი თქმით, უკეთესი იქნება თუ ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გამოთავისუფლებული 2% წარიმართება როგორც ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ასევე საპენსიო დაგროვებაზე.
კანონპროექტზე დებატების დროს დეპუტატი ლევან ვეფხვაძემ საპარლამენტო უმცირესობის სახელით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გაუაზრებელია და ამას უმრავლესობაც მალე მიხვდება.
„ეს ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი კანონია. ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ თქვენ ჯერ გადაწყვეტილებებს იღებთ და მერე ფიქრობთ, ხოლო ჩვენ გთავაზობთ კარგად მოვიფიქროთ და მერე გადავწყვიტოთ. ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვა და თავის რეფორმაზე იტყვის - ვის მოუვიდა თავში ასეთი აზრი" - განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს 2013 წლიდან - მას შემდეგ, რაც საშემოსავლო გადასახადი 20-დან 18%-მდე შემცირდება, ფიზიკური პირის შემოსავლის გამოთავისუფლებული 2%-ის დანაზოგის სახით დაგროვებას აქტივების მმართველ კომპანიებში ან ჯანმრთელობის დაზღევაზე წარმართვას სადაზღვევო კომპანიებში. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ფულის გადარიცხვაზე უარს იტყვის, თანხა ბიუჯეტში დარჩება.
პროექტში გათვალისწინებულია აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები. მთავრობა ირწმუნება, რომ ტენდერში მხოლოდ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიები შეძლებენ მონაწილეობას. ამასთანავე, აქტივების მმართველმა კომპანიამ, რომელიც შესაძლოა საქმიანობდეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მაქსიმალური თანამონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.