კოალიცია ,,ქართული ოცნების,, ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შევა.
ამის შესახებ შეთანხმებას, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის წარმომადგენლებმა, დღეს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მათთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაციის ადგილი, მხოლოდ მთაწმინდა იყოს.
,,ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი სიაში იმ მისამართებზე უნდა იყვნენ შეყვანილები, სადაც მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართებია. ფაქტობრივად ქობულეთში მცხოვრებმა ევროკავშირის მოქალაქემ რატომ უნდა მისცეს ხმა პირველ ოლქში - მთაწმინდაზე? იურიდიული კომიტეტი დაგვეთანხმა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაციის ადგილი მხოლოდ მთაწმინდა არ იქნება" - აღნიშნა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებებით, ამომრჩეველთა სიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაციის ადგილად მხოლოდ მთაწმინდა იყო განსაზღვრული.
კონსტიტუციური ცვლილებებით, 2014 წლის პირველ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მოქალაქეობა.
საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებით მიიღებენ.