შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბროლაურში ჩავიდა და მურუსიძეების 5 სულიან ოჯახს ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა პირადად გააცნო.
2012 წლის 1 სექტემბრიდან 0-დან 5 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ახალ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩაერთვება. მურუსიძეებს სამი შვილი ჰყავთ. სექტემბრიდან, 4 წლის ნიკა და 1 წლის ნათია სახელმწიფო სადაზღვევო პოლისებით ისარგებლებენ.
მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ახალი და თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობის პარალელურად სახელმწიფო აფართოებს დაზღვეულ მოქალაქეთა წრეს. 2012 წლის 1 სექტემბრიდან დაახლოებით 1 800 000 მოქალაქე სახელმწიფო სადაზღვევო პოლისის მფლობელი იქნება, ამ ციფრს ემატება კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა, რაც დაახლოებით 500000 მოქალაქეს შეადგენს. შედეგად წლის ბოლოს ქვეყანაში ყოველი მეორე მოქალაქე იქნება დაზღვეული, რაც მათ საშუალებას მიცემს, საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად ისარგებლონ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით.
მოგვიანებით მინისტრმა ამბროლაურში შპს „მედიქალპარკ საქართველოს" კუთვნილი სამედიცინო ცენტრი მოინახულა და მედპერსონალს გაესაუბრა. 25 საწოლიანი კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. აქ პაციენტებს ქირურგიული, მეან-გინეკოლოგიური, რადიოლოგიური, რეანიმაციული, ნეონატოლოგიური, ინფექციური და სხვა სერვისების მიღება შეუძლიათ. სამედიცინო ცენტრში 76 ადამიანი, მათ შორის 34 ექიმი და 42 ექთანია დასაქმებული.
საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფმა"- მა 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის აგვისტოში დაიწყო. გახსნის შემდეგ ამბროლაურის ახალ სამედიცინო ცენტრში 11134 პაციენტი მიიღეს.