"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით უკანონოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას სამართლიანობასთან საერთო არაფერი აქვს, _ აღნიშნულის შესახებ თინა ხიდაშელმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განცხადა.
"ჩვენი ადვოკატებისგან რაც საქმის მასალას ვიცნობ, ვიცი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაჯარიმების შესახებ სამართალთან და კანონთან საერთო არაფერი აქვს", _ განაცხადა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ბოლოდროინდელი პროცესებიდან გამომდინარე, შოკშია.
"ხელისუფლება, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, იმდენად შოკშია, რომ საერთოდ გონება დაკარგეს და აღარ იციან რას აკეთებენ. მე სხვას ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ დაველოდები მათ შემდეგ ნაბიჯებს, თუ მათი სიგიჟე სადამდე მივა",_ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ: სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი 126, 2 მილიონი ლარით (საახლოებით 77,5 მლნ აშშ დოლარი) დაჯარიმდა.