საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სალიზინგო კომპანია სს ,,თიბისი ლიზინგს" შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანადგარების ლიზინგის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ,,სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო" ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ,,სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში სს ,,თიბისი ლიზინგთან" ერთად სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების ლიზინგის განხორციელებას იწყებს.
დაფინანსებისთვის ნებადართულია ყველა ის ინვესტიცია, რომლის განხორციელების შედეგადაც სწრაფად და ხარისხიანად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების მოცულობა. აგრარულ სექტორზე მორგებული სალიზინგო პირობები, შეღავათიან და დაბალსაპროცენტო განაკვეთებს ითვალისწინებს. თითოეული პროექტის მიხედვით, ლიზინგის მოცულობა 300 000 აშშ. დოლარს არ აღემატება. აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ პირებს, საშუალებას მისცემს გამოყოფილი საკრედიტო ხაზისა და მათთვის მისაღები პირობების გათვალისწინებით შეიძინონ სხვადასხვა დასახელების უახლესი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები, მოხმარების ძირითადი საშუალებები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის სალიზინგო ოპერაციების განხორციელებას სს ,,თიბისი ლიზინგი" უზრუნველყოფს, მაგრამ მომავალში შესაძლებელი იქნება ,,სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის" პროგრამის განვითარების ფარგლებში ქართულ ფინანსურ ბაზარზე არსებული სხვა სალიზინგო კომპანიებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობაც მოხდეს.