საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს საგარეო უწყებაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფის ტრადიციული შეხვედრა შედგა.
"ერთი ეხება უსაფრთხოების საკითხებს რეგიონში და ამავდროულად ითვალისწინებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვას. შედგა ასევე მეორე ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილების უსაფრთხო დაბრუნებას თავიანთ სახლებში", _ განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქართულ მხარეს კმაყოფილების საფუძველი ნაკლებად აქვს, თუმცა მიესალმება იმ ფაქტს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და "რომ ფორმატი შენარჩუნებულია და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ ყველა პრობლემურ საკითხზე ვისაუბროთ",_ აცხადებს კალანდაძე.
ამას გარდა, კალანდაძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება, იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ისევ არ ხდება ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების თავისთავზე აღება.
"ეს კვლავ ჩვენს უმთავრეს მიზნად რჩება და ჩვენ იმედი გაქვს, რომ მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი ეს იქნება. იმავდროულად ბუნებრივია საუბარი შეეხო ყველა იმ ცალკეულ ინციდენტს, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის ან დარღვევის კუთხით და ასევე განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა რუსულ მხრიდან სექტემბერში დაგეგმილ სამხედრო წვრთნების თაობაზე",_ განაცხადა კალანდაძემ.