2011 წლის მდგომარეობით "კომერცბანკი" (COMMERZBANK) გადახდების მაღალი ხარისხისათვის "პროკრედიტ ბანკს" კვლავ უმაღლეს შეფასებას აძლევს.
"პროკრედიტ ბანკი" საქართველო უკვე მეშვიდე წელია ინარჩუნებს ამ პოზიციას, კლიენტებს თანამედროვე საერთაშორისო STP (straight through processing) ელექტრონული გადახდების მომსახურებას უწევს და საკორესპონდენტო საბანკო მომსახურების ყველა წესს ზედმიწევნით იცავს.
"კომერცბანკის" (COMMERZBANK) განცხადებით, "პროკრედიტ ბანკი" საქართველოს ევროს ვალუტაში გადარიცხვების ხარისხის მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, "პროკრედიტ ბანკს" Deutsche Bank-ის სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის სერტიფიკატიც გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 61 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).
"პროკრედიტ ბანკს" საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.
2012 წლის აპრილის მდგომარეობით, "პროკრედიტ ბანკის" აქტივებმა 978 მლნ ლარი (601 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. დღესდღეობით "პროკრედიტ ბანკი, საქართველოს" მომსახურებით 344,000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.