დღეიდან საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი იწყება, რომელიც საქართველოში სპეციალურად ნატოს კვირეულისთვის ჩამოვიდა. დღისწესრიგის მიხედვით, პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჯეიმს აპატურაი ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ გიორგი ბარამიძე და ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულს ოფიციალურად გახსნიან. გახსნასთან ერთად ვიცე პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, პროფესორებს საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგები იქნება. ეს იქნება პირველი ვრცელი დისკუსია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩიკაგოს სამიტის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იანის სარტსი.
დღესვე ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იანის სარტსი თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემაა ნატოს დღის წესრიგი და პოლიტიკა. შესავალი სიტყვის შემდეგ გიორგი ბარამიძე და იანის სარტსი სტუდენტების კითხვებსაც უპასუხებენ. შეხვედრა ნატოს კვირეულის ფარგლებში იმართება.
ნატოს კვირეულს, 16 ივნისს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. ის 11-იდან 16 ივნისამდე გაგრძელდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები.