"ეგეოსის ავიახაზები" თბილისის მიმართულებით ფრენებს 11 ივნისიდან დაიწყებს. ბერძნული ავიაკომპანია თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს. ფრენები A 319 და A 320 ტიპის თვითფრინავებით განხორციელდება.
"Aegean Airlines" ათენიდან 15 ადგილობრივ და 23-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს. დედაქალაქიდან - საბერძნეთის საუკეთესო კურორტებისა და ქალაქების მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია თითქმის ყოველ დღე ასრულებს.
Star Alliance-ის წევრი „ეგეოსის ავიახაზები" საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა. იგი საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს და არსებული მდგომარეობით 29 თანამედროვე ლაინერი ჰყავს საკუთრებაში.
„ეგეოსის ავიახაზები“ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობის მიხედვით, საბერძნეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა. ათენიდან და სალონიკიდან ბერძნული ავიაგადამზიდი ყოველდღიურად ასრულებს პირდაპირ და ჩარტერულ რეისებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპისა და აზიის მიმართულებით.
„ეგეოსის ავიახაზები“ , რომელიც “Star Alliance”-ის წევრია, 2011 წელს 6.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მათ შორის 3. 5 მილიონმა საერთაშორისო ფრენებით ისარგებლა.
2011 წლის SKYTRAX-ის მსოფლიოს ავიაკომპანიების დაჯილდოებაზე „ეგეოსის ავიახაზები“ ევროპის რეგიონის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს 17 ადგილობრივი და 21 საერთაშორისო მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელი „ტავ ჯორჯიამ“ წარმატებით დაიწყო. თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიოში საუკეთესო, 5 ვარსკვლავიან ავიაკომპანიას „ყატარის ავიახაზებს“ უმასპინძლა. აპრილიდან ტალინი-თბილისის მიმართულებით, რეგულარულ რეისებს ასრულებს ესტონეთის ნაციონალური გადამზიდი „ესტონეთის ავიახაზები.“ ქართულ ავიაბაზარზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში „ეგეოსის ავიახაზების“ გარდა,იტალიის უმსხვილესი ავიაგადამზიდის - „ალიტალიას“შემოსვლაც იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები