სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, ოზურგეთის რაიონის სოფელ ოზურგეთში საკარანტინო მავნებლის - თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობას დაესწრო. მავნებლის გავრცელების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური ჯგუფი წამლობით ღონისძიებებს სპეციალური სამანქანო დანადგარებით ახორციელებს.
სპეციალისტების პროგნოზით, მავნებლის მასიური გავრცელება ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ფოთში, თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებების საორგანიზაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, რომელიც სამეგრელოს, იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მავნებლის წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ჩაატარებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საკარანტინო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს თეთრი პეპლის პირველი და მეორე თაობის გავრცელების მაღალი რისკის კერებში 38 000 ჰექტარზე ქიმიური წამლობა ჩატარდება. პარალელულად, მუნიციპალიტეტებს მოსახლეობაში დასარიგებლად ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური პრეპარატები გადასცა.