თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჟებ ტაიიპ ერდოღანი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს მის ქვეყანაში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით მკაცრად აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ სირიაში უდანაშაულოდ მოკლულ ადამიანთა რაოდენობამ უკვე 15 ათასს მიაღწია.
"ბაშარ ასადს ხელისუფლებაში ყოფნის დიდი დრო აღარ დარჩა და ადრე უ გვიან იგი ამ თანამდებობას დატოვებს. ამჟამად იგი საკუთარ აღსასრულს ამზადებს. ისინი ვინც ამ დანაშაულს ჩადის არაადამიანები არიან. განა ისინი ვერ ხედავენ დამწვარ და ყელგამოჭრილ ხალხს. ამგვარი სიმხეცის ჩადენა მხოლოდ ასადს შეუძლია და ყოველივეს რაც ხდება "ბარბაროსობის" გარდა ვერაფერს ვერ უწოდებ", _ განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჟებ ტაიიპ ერდოღანმა ქალაქ დენიზლში გამართულ მმართველი პარტიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან ერთად, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმმა ყველანაირი ლეგიტიმიზაცია დაკარგა.
"პან გი მუნმა გაეროში გამოსვლისას ანანის გეგმის დასასრულზე მიანიშნა. ეს მიუთითებს იმას, რომ ახალი პერიოდი იწყება", _ განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მექსიკაში "დიდი ოცეულის" შეხვედრა იქნება გადამწყვეტი სირიის საკითხთან მიმართებაში. "მოლაპარაკებების შემდეგ რომელსაც ჩავატარებთ ჩვენ შევათანხმებთ მომავალ მოქმედებებს და საგზაო რუკას დავსახავთ", _ აცხადებს ერდოღანი.