საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ფინალში, კარიერაში პირველად გავიდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (1). მან ნახევარფინალში, წინა როლანგაროსულ პაექრობებთან შედარებით იოლად, 2 საათსა და 5 წუთში დაამარცხა როჯერ ფედერერი (3) - 6:4, 7:5, 6:3. ამ მოგებით, „ნოლემ" შვეიცარიელთან პირადი მატჩების ბალანსი ცოტათი კიდევ გააუმჯობესა - 12:14.
ფინალში, რომელიც 10 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 17 საათზე უნდა დაიწყოს, ჯოკოვიჩის მეტოქე ესპანელი რაფაელ ნადალი იქნება. მათ შორის დღემდე ნათამაშები 32 მატჩიდან სერბს ჯერ მხოლოდ 14 აქვს მოგებული. თუ კვირის ფინალში ნოვაკმა იმარჯვა, იგი ერთბაშად ყველა დიდსლემური ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ნადალი მოიგებს, იგი რეკორდს დაამყარებს - არავის მოუგია „როლან გაროსი" 7-ჯერ.
ქალთა ფინალს რაც შეეხება, მასში რუსი მარია შარაპოვა (1) და იტალიელი სარა ერანი (24), შაბათს, ასევე 17 საათიდან შეუდგებიან „როლან გაროსის" გამარჯვებულის გამოვლენას.