ხვალ, 9 ივნისს ყარსში (თურქეთი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, თურქეთის სავაჭრო პალატების გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ბინზეს ფორუმი გაიმართება.
ღონისძიებას გახსნიან თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ფახერ ჩაღლაიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრი შაჰინ მუსტაფაევი.
ფორუმის ორგანიზატორთა ინფორმაციით, თურქეთის და აზერბაიჯანის მხარე წარმოდგენილი იქნება 150-მდე კომპანიით, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, მსუბუქი მრეწველობის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სექტორებიდან.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ანალოგიურ სამმხრივ ბიზნესფორუმს 16 თებერვალს უკვე უმასპინძლა, რომელსაც საქართველოს გარდა აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებიც ეწსრებოდნენ.
აღნიშნული ბიზნესფორუმის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი თურქეთში ინვესტიციების მოცულობას 7 მლრდ. დოლარამდე გაზრდის, ხოლო დაწყებული პროექტები, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აკავშირებს კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო პერსპექტიულია.
„სამივე ქვეყანა არის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. როდესაც ვიმყოფებით ამერიკასა თუ ევროპაში ისინი საუბრობენ ჩვენზე, როგორც მომავლის რეგიონზე, რეგიონზე რომელსაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და რეგიონზე სადაც ინვესტიციები უნდა ჩაიდოს. აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორებია ეს არის ორი ქვეყანა, რომელთაგან უფრო მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს და ეს არის ის ქვეყნები, რომელიც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პირველ ხუთეულში შედიან. ჩვენ უნდა ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ, ეს არის მომავლის რეგიონი"- განაცხადა ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ ვერა ქობალიამ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის შაჰინ მუსტაფაევის განცხადებით, თბილისში გამართულმა ბიზნესფორუმმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და აზერბაიჯანმა საქართველოსთან და თურქეთთან თავისი ურთიერთობა კიდევ ერთხელ გაიაზრა და სამომავლო გეგმები დასახა.
თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ზაფერ ჩაღლაიანის განცხადებით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი პროექტები კიდევ უფრო განვითარდება და ამ სამი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მყარი გახდება. მინისტრის თქმით, ანალოგიური შეხვედრები ჯერ ყარსში გაიმართება, ხოლო შემდგომ კი აზერბაიჯანში.