8-12 ივნისს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ჩინეთსა და კორეაში ქართული ღვინის საღამოები გაიმართება.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისს ჰონგ-კონგში ღვინის საღამოს გახსნის ცნობილი ღვინის მაგისტრი და ღვინის თემატიკაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი დებორა მეიბურგი, რომელიც შეკრებილ საერთაშორისო თრეიდერებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს გააცნობს ქართული ღვინის უპირატესობებს და მიმოიხილავს მონაწილე ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას. საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, ქეთევან ბოჭორიშვილი მოწვეულ სტუმრებს ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის კუთხით საქართველოს პოტენციალს გააცნობს.
ქართული ღვინისა და პროდუქციის სადეგუსტაციო მიღებები გაგრძელდება სეულში (12 ივნისი) კორეის ბაზრებით დაინტერესებული ქართული კომპანიების, აზიის რეგიონში შესაბამისი პროდუქციის იმპორტიორების და სექტორში მოღვაწე მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. დაგეგმილია ასევე პირისპირ შეხვედრები ქართველ მწარმოებლებს და მოწვეულ იმპორტიორებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით.
ღვინის სადეგუსტაციო საღამოები გაიმართება "Financial Times" კონფერენციების ფარგლებში, აღნიშნული საერთაშორიო ბიზნეს გამომცემლობა ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში აწყობს საინვეტიციო კლიმატის პრეზენტაციებს და ახდენს საზოგადოების ინფორმირებას ეკონომიკის ახალ ტენდენციებთან დაკავშირებით. ქართული ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტი წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომპანიების მიერ: "ასკანელი ძმები", "ბაგრატიონი", "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "ქინძმარაულის მარანი" და "თბილღვინო".