შემოსავლების სამსახური, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეწარმეებთან შეხვედრების ორგანიზებას იწყებს. პირველი ასეთი შეხვედრა, "შერატონ მეტეხი პალასში", 7 ივნისს გამართა.
მეწარმეებთან შეხვედრა პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და უკვე 15 ივნისიდან www.rs.ge-ს საშუალებით, შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ „ფორუმზე", აირჩიონ მათთვის სასურველი თემა და შეხვედრის ადგილი და გაიგონ ყველა სიახლე ბიზნესის უკეთ წარმართვის მიზნით.
„ფორუმით" გადამხდელებს საშუალება მიეცემათ შემოსავლების სამსახურს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები, გაეცნონ კოლეგების აზრს, დასვან კითხვები და მიიღონ მყისიერი პასუხები.
ფორუმში და შეხვედრებში მონაწილეობისა და იმ სიახლეების გაცნობის საშუალება, რომელიც საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ხორციელდება, ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები წარმოადგენენ პრეზენტაციებს გადამხდელებისთვის საინტერესო თემებზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება დიალოგი. მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს გააცნონ მათ წინაშე არსებული პრობლემები.
მეწარმეებთან შეხვედრების პროცესში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
შემოსავლების სამსახურის მთავარი მიზანია ყველა კერძო კომპანიასთან და ინდივიდუალურ მეწარმესთან უშუალო და სისტემატური კონტაქტის დამყარება იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები ბიზნესის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მათი სურვილებისა და შენიშვნების მაქსიმალური გათვალისწინებით იქნეს მიღებული.